საზოგადოება
პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარით (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 „სახელმწიფო პროგრამაში შესწორებები შედის. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დაბლა ვწევთ დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს. სესხის მინიმალური მოცულობა იქნება 150 00 ლარის და 75 000 დოლარის ვივალენტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

 „სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა მოსაზრებები, რომ იმისათვის, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა, საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, რაც უცხოურ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც უკეთესი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.