საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. არ გადასცე კადიევი რუსეთს - ამ მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთავრობას დაღესტნელი უფლებადამცველის რუსეთში ექსტრადირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, სამარცხვინო ფაქტია, როდესაც რუსეთის მიერ დევნილ ადამიანს „საქართველოს მტერს გადავცემთ“.
„ჩვეულებრივ შემთხვევებში, განვითარებული ქვეყნები არ გადასცემენ დევნილ ადამიანს ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„თუ საქართველოს ხელისუფლება ჩაიდენს ასეთ ღალატს მეზობელი ხალხის წინაშე, ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებს", - აღნიშნა მისმა თანაპარტიელმა ნუგზარ წიკლაურმა.
მიკაელ კადიევი 2013 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გასამართლდა და 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობის პერიოდში კადიევმა საქართველოს დევნილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.