პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. თურქულმა მხარემ გამოხატა საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე  და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.