პოლიტიკა
ირლანდიური ავიაკომპანია “Ryanair” საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გირგი კვირიკაშვილმა „Ryanair“-ის კომერციულ დირექტორ დევიდ ო ბრაიანთან გამართა.

 „პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც  ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ“, –აღნიშნა დევიდ ო ბრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 „ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  ევროპის ბაზარზე. ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს, აქვს 72 ბაზა და ოპერირებს  ავიარეისებს 191 აეროპორტში.