საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი განვითარება და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის ბაკიტჟან საგინტაევის შეხვედრის მთავარი თემები.
„ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე - იმ ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „ყაზტრანსგაზის“ თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.