აქტუალური
„ჩვენი ამოცანა, ოცნება არ არის მაპის მიღება“ – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი.დღეს ჩვენ ნატოსთან უნდა ვილაპარაკოთ წევრობაზე და ეს არის მთავარი ამოცანა ყველასთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მთავარში.

 „ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჩვენი ამოცანა, ოცნება არ არის მაპის მიღება. მაპი „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია დღეს ჩვენს თავზე და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ ვერაფერზე საუბარს... ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არცერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც მაპი ჰქონია ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრია, რომელსაც უკვე 10 წელი შეუსრულდა. ასევე ამ ურთიერთობის დასტურია ნატოს ეგიდით საქართველოში გამართული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა წვრთნები.