აქტუალური
ინვესტორთა საბჭოს წევრები პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივას ესტონური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რეფორმა ხელს შეუწყობს რეინვესტირების ზრდას, წარმოების გაფართოებას და ეკონომიკის განვითარებას.

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდით უდგახართ. ინიცირებული საგადასახადო რეფორმა არ არის პიარი, ეს არის რეალობა, რომელიც მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა იცოდნენ. რეფორმის განხორციელების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ახალ საქართველოს“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.

 ინვესტორთა საბჭოს წევრები მიესალმებიან პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ, რომელიც გააერთიანებს იმ სახელმწიფო სტრუქტურების სერვისებს, რომლებითაც ინვესტორები სარგებლობენ.  მათი შეფასებით, ერთი სარკმლის პრინციპი დაზოგავს ინვესტორების დროსა და რესურსს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესში.

 პრემიერ-მინისტრს, EBRD-ის სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბრუნო ბალვანერამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ პროცესში EBRD-ის წარმომადგენლებთან ერთად თვითონაც ჩაერთოს.