საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დავით ბ., თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან - ძმებთან ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ზურაბ ბ-ს, ხოლო გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.