საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-2 სხდომაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.