საზოგადოება
„რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები ვამარაგოთ აფხაზეთში?!“ - მარიამ ვალიშვილი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განმარტებით, თბილისი აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად.

 „ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს აბსოლუტურად ჩაქრებიან. არ ვაპირებთ ელექტროენერგიის შემოტანას ჩვენი აქეთა მომხმარებლების ხარჯზე. მათ თბილისზე მეტი ყოველდღიური მოხმარება აქვთ. მილიონ-ნახევრიან ქალაქზე მეტი მოხმარება აქვს აფხაზეთს. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ბაზები და მათი ოჯახები აქედან ვამარაგოთ? ბოდიში, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება. მათ მოუწევთ იმ რესურსში ჩაკეტვა, რომელიც დღეს გააჩნიათ”, – ეს განცხადება მარიამ ვალიშვილმა 11 თებერვალს თბილისში, ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ დღეს

 ქართულ მხარეს ენგურჰესი 100 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

 ენგურჰესის” გენერალური დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, 2 წლის შემდეგ აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.