საზოგადოება
გელა დუმბაძე პარიზში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა (ვიდეო)

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე პარიზში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა (ვიდეო იხ. აქ).

ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხმა, რომელიც დასკვნით ფაზაშია შესული. კიდევ ერთხელ დაისვა მიცვალებულთა სამშობლოში გადმოსვენების და ქართული ენის სწავლების სტანდარტიზაციის საკითხები.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში შატო ლევილის მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. სხდომას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე–დელონე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპრილში გაიმართება კომისიის შემაჯამებელი სხდომა, რის შემდეგაც ხელი მოეწერება დოკუმენტს შატო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.