აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაურმა და კავშირის ვეტერანებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მთავრობასთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 27 წელი გავიდა 1989 წლის 15 თებერვლიდან, თარიღიდან, როდესაც ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი დატოვეს. ე.წ ინტერნაციონალური მისიის შესრულებისას 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა.

15 თებერვალს, საბჭოთა ჯარების ავღანეთის რესპუბლიკიდან  გამოყვანის  27-ე წლისთავის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და თანამშრომლები დაესწრნენ. ავღანეთში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად ბათუმში მემორიალის გახსნას ჩაეყარა საფუძველი.

თბილისში კი თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავღანეთში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა მიხეილ ხომერიკმა და ზაზა მესხმა.