აქტუალური
ჯუმბერ კირვალიძე: „საქართველოს ხელისუფლებავ, ხალხი თქვენზე იტყვის – გინდ ყოფილან და გინდ არაო!“

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტოლოგი  ჯუმბერ კირვალიძე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

„ბატონებო!

წლევანდელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ ვერაფერი გასწავლათ? ვერც აშშ–ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოხსენებამ? ვერც სხვადასხვა, ამერიკული თუ ევროპული სტრატეგიული კვლევითი ცენტრების პოლიტიკურ ანალიტიკოსთა გზავნილებმა? იქნებ ხვდებით იმას, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, მაგრამ გეშინიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, რომ ვაითუ და ანტიდასავლურობა არ დაგბრალდეთ?! არადა, უკვე მეოთხე წელიწადი დაიწყო, რაც ხელისუფლებაში ხართ და მაინც, ავანტიურისტი და პროვოკატორი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის კალაპოტს ბრმად მიუყვებით, იმის ნაცვლად, რომ ისეთი სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოთ, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) გარშემო მტერსაც და მოყვარესაც მოლაპარაკების მაგიდასთან დააჯენს! აფსუს, მე კიდევ თქვენი იმედი მქონდა და როგორც ვატყობ, მწარედ მოვტყუვდი, რადგანაც ერთი ჩვეულებრივი მედროვე მმართველი ძალა აღმოჩნდით, რომელსაც „საკუთარი ჩრდილის ეშინია“! ამიტომაც, თუ დარჩენილ თვეებშიც ასე გააგრძელებთ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ხალხი თქვენზე იტყვის – გინდ ყოფილან და გინდ არაო!..“