საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მოკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“, - ამ სიტყვებით გაეცნო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომავალი მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს. კოალიციური ძალების მომავალი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა წარუდგინა.
ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამაახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე - „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.
როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა - „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა.