საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „სამ ზღვაზე - ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, ლაპარაკი არ არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მხოლოდ შავი ზღვის მიმართულებით, არამედ საქმე ეხება ნატოს გაძლიერებას შავ ზღვაში: „ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე - ეს არის პაკეტის ნაწილი, ხოლო რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არის ნატოს გაძლიერება შავ ზღვაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნატოს სჭირდება პარტნიორები და ეს პარტნიორი ექსკლუზიურად მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება. ამ სქემის მონაწილეა რუმინეთიც, ბულგარეთიც, საქართველოც, თურქეთიც და ყველა ქვეყანა ან სახელმწიფო, რომელიც შეიძლება შავი ზღვის სახელმწიფო არ იყოს, მაგრამ შავ ზღვაში ინტერესები ჰქონდეს“.