საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ცესკო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„2016 საქართველოს პარლამენტის არჩევნების წელია. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურები უნდა განახორციელონ:
პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკო–ს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე, რის შემდეგაც მან უნდა წარმოადგინოს მხარდამჭერთა სიები.
კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკო–ს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.
პარტია ვალდებულია, მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკო–ს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი“.