პოლიტიკა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ და ENPARD-ის წევრებმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიშები წარადგინეს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. მცირე მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ახალი ფერმერული ჯგუფების ხელშესაწყობად გათვალისწინებულია გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.  ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის ფარგლებში, ევროკავშირმა შეარჩია 4 კონსორციუმი - Care, Mercy corps, Oxfam, Pin, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ. საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1300-მდე კოოპერატივი 19 ათას ჰექტარზე მეტი მობილიზებული მიწის ფართობით. მოზიდული კაპიტალი 18 მლნ ლარს შეადგენს.

 აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღება თავის დროზე განპირობებული იყო იმით, რომ აღმოფხვრილიყო სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემა, რომელიც მცირემიწიანობას უკავშირდება და განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. ადრინდელი რეფორმის შედეგად, გვყავს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკმაოდ ბევრი მესაკუთრე, რომლებიც ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობენ და, აქედან გამომდინარე, ძნელია, მათ რაიმე სერიოზული ცვლილებები განახორციელონ სოფლის მეურნეობაში, თუ არ მოხდა აღნიშნული მიწების გაერთიანება“.

 არასრული ორი წლის განმავლობაში სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ისაუბრა. მისივე შეფასებით, კანონის მიღება იყო რეფორმის დასაწყისი, რომელიც აადვილებს ყველა იმ სახის საქმიანობას, რაც პროდუქციის წარმოებას, მარკეტინგს, ბიზნესის დაგეგმვას და ა.შ. უკავშირდება.