საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის წევრი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატო-ს ხომალდები ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას.
ბათუმში ასევე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.