საზოგადოება
შემოსავლების სამსახური თბილისის სლოტკლუბებს დაერია

casinoდღეს პირველ საათზე საქართველოს შემოსავლების სამსახურმა სლოტ კლუბებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობამ 360 მილიონ ლარზე მეტი ითამაშა და აქედან 110 მილიონ ლარზე მეტი წააგო, მაგრამ სლოტკლუბების უმრავლესობა მოგების მხოლოდ 15%-ს აჩენდა, დანარჩენი კი იმალებოდა. ის სამოქმედო გეგმა, რითაც სლოტ კლუბები ხელმძღვანელობდნენ და ზუსტი თანხა, რომელიც შემოსავლების სამსახურს დაუმალეს, დღეს დანიშნულ ბრიფინგზე გაირკვევა.

360 მილიონი ქართველების 2 წლის განმავლობაში წაგებული ფულია, ბევრად ნაკლები იქნებოდა თანხა, თუკი მთავრობა მის პირობას შეასრულებდა და კაზინოები და სლოტკლუბები, როგორც დაგვპირდნენ, ლას ვეგასის მსგავსად, თბილისთან არც თუ ისე ახლოს, წყალტუბოში, გადავიდოდა. ამ შემთხვევაში უკანასკნელი ათი ლარით ოჯახის უფროსი, რომელსაც სახლში   ცოლ-შვილი ელოდება, წყალტუბოში ჩასვლას, თამაშს და შემდეგ უკან დაბრუნებას, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოახერხებს. თბილისში კი ისე მიჯრითაა სლოტკლუბები ერთმანეთზე მიწყობილი, რომ ერთიდან მეორემდე მისასვლელად ტრანსპორტიც არ გჭირდება, ათი ლარი კი საწყისი კაპიტალისთვის, როცა 100 ქულა მხოლოდ 5 და ზოგიერთ კლუბში 2 ლარია, საკმარისი თანხაა.

ადამიანები, რომლებიც კაზინოსა და სლოტკლუბების ხშირი სტუმრები არიან, უბრალოდ, დაავადებულები არიან, ისევე, როგორც ნარკომანები. სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიაზე და ნატოში შესვლაზე პრეტენზია აქვს, უნდა ეცადოს, რომ ეს ჯანმრთელ და ჯანსაღ მომავალ თაობასთან ერთად გააკეთოს.

კობა ადამია თბილისში ცხოვრობს, სლოტკლუბებს ის იშვიათად სტუმრობს, საქინფორმის ჟურნალისტს მან გულწრფელად განუცხადა:

„ ძალიან გამიხარდა, როცა ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ კაზინოები წყალტუბოში უნდა გადაეტანათ, იქ ნამდვილად აღარ წავიდოდი, მაგრამ აქ ზოგჯერ ცდუნებას ვეღარ ვუძლებ ხოლმე, მარტო დელისის მეტროსთან 5 სლოტ კლუბია, აქ ყოველ დღე დავდივარ და როცა ჯიბეში რამე ფული მეგულება შევდივარ, აქ ათ ლარადაც შეგიძლია ითამაშო, მაგრამ წყალტუბოში 1000 დოლარის გარეშე არ წავალ ნამდვილად. ისინი თვითონ გვიწყობენ ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი წავაგოთ, მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ეხება, თუ უნდათ, რომ საქართველოს მომავალი შეუნარჩუნონ, მოაშორონ კაზინოები და სლოტ კლუბები თბილისს“.

სლოტ კლუბებისა და კაზინოების მუშაობა, რა თქმა უნდა, წყალტუბოში ისეთი წარმატებული და სარფიანი არ იქნება როგორიც თბილისში, მაგრამ უკვე დროა, სახელმწიფომ ქართველ ხალხზეც იფიქროს და მხოლოდ იმით არ იხელმძღვანელოს, თუ რამდენს ჩაიდებენ ჯიბეში ამა თუ იმ აზარტული თამაშებისა და ქართველი ხალხის ხარჯზე, თუმცა პრობლემა წყალტუბოში გადატანით არ მოგვარდება, რადგან აზარტული ახალგაზრდობა იმ რეგიონშიც მრავლად არის.