საზოგადოება
„ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს“ - თოფაძე

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, თინა ხიდაშელმა საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

 „წესით და რიგით, ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან ოქტომბერში საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა", - განაცხადა თოფაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში.

 შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით რესპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა.