საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პასუხობდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ აისახება ეს რფ-ის ურთიერთობაზე ამ ქვეყანასთან, ვინაიდან ხელშეკრულება აზერბაიჯანის ინტერესებსაც ეხება. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სახელმწიფო დუმას დეპუტატებმა რფკპ-დან ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა რფ-ის პრეზიდენტ ვ. პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ ს. ლავროვს წერილი გაუგზავნეს თურქეთთან 1921 წელს დადებული მეგობრობის ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით.
“შემიძლია გითხრათ, რომ მოცემულ მომენტში ეს მოთხოვნა შესასწავლია: კონკრეტულად რა წინადადებაა იქ. ეს ყველაფერი დადგენილი წესით გაკეთდება. ჯერ ამ ინიციატივის შესწავლაა საჭირო... ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვავითარებთ და ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც ამ ურთიერთობას გააუარესებდა, პირიქით, კონცენტრირებული ვიქნებით იმაზე, რასაც ამ ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესება შეუძლია. ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვაკავშირებს, ყველა სფეროში”, - ხაზი გაუსვა მარია ზახაროვამ.