საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბბინაში ხორვატიის, სლოვენიისა და შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან - იოზიფ ბულევიჩთან, ანდრეა კატიჩთან და პეტერ ჰალტქვისტთან შეხვედრები გამართა. საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.
„ჩვენი ამოცანა რამდენიმე ძირითად პოსტულატშია გამოხატული. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებაში, სულ უფრო მეტ კომპონენტს ჰყავდეს მეტი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ადამიანური რესურსით - კონსულტანტებით, სამხედრო მოსამსახურეებით, ტექნიკური საშუალებებით ეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე, სულ უფრო შეუქცევადი უნდა გავხადოთ საქართველოს პარტნიორობა ევროპის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც არ არიან ამ დროისთვის ნატოს წევრები. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა