პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: «რუსეთ–თურქეთის ომის შემთხვევაში, გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ არ იომებენ»!

 მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია ნატო–ს წევრები არიან, რუსეთთან თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საფრანგეთი და გერმანია უშუალოდ არ ჩაებმებიან რუსეთის წინააღმდეგ ნატო–ს ეგიდით წარმოებულ საომარ ოპერაციებში, ისინი შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარებით. დიახ, ამ შემთხვევაში, თურქეთს უნდა ჰქონდეს მხოლოდ აშშ–ის და შესაძლებელია, ნატო–ს სხვა რამოდენიმე წევრის იმედი, რომლების სამხედრო პოტენციალი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ლაპარაკადაც არ ღირს. დღეს ვითარება ისეთია, რომ რუსეთ–თურქეთს შორის ომი გამორიცხული სულაც არაა. სამწუხაროდ, რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის ფონზე, საერთშორისო არენაზე მდგომარეობა სულ უფრო იძაბება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია შანსს იძლევა იმისთვის, რათა «ნატოს მეშვეობით ჭკუა ასწავლოს რუსეთს», მაშინ ეს ძალები მწარედ ცდებიან. როგორც ზევით ვთქვი, გამორიცხულია, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან ომში ჩაებნენ! ამასწინათ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, — «რუსეთი სირიაში ისევე დამარცხდება, როგორც სსრკ ავღანეთშიო». – თუკი, სირიის გამო, აშშ და დიდი ბრიტანეთი ნატო–ს ფორმატში, თურქეთის მხარდასაჭერად (ამაზე ოცნებობენ თურქები!) რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებიან, მაშინ მათ მოუწევთ რუსეთთან «გამკლავება» ფრანგების და გერმანელების მონაწილეობის გარეშე. ნუ დაგვავიწყდება ის, თუ რამხელა გავლენა აქვთ საფრანგეთს და გერმანიას ნატო–ს წევრ სახელმწიფოებზე და რომ ალაინსში შემავალი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას ნატო-ს უპირველეს ამოცანად მიაჩნიათ, რუსეთისაგან ნატო–ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ თურქეთის გამო, ნატო–ს წევრი სახელმწიფოები რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით დაუპირისპირდნენ, რადგანაც ამ საკითხთან მიმართებაში მათ შორის არ არსებობს კონსენსუსი, უწინარესად ეს ეხება ნატო–ს ყველაზე გავლენიან ევროპულ ქვეყნებს – საფრანგეთს და გერმანიას! აქედან გამომდინარე, ნატო–სთვის ახლა მთავარია, რომ რუსეთ–თურქეთ შორის დაძაბულობა განმუხტოს, რათა ომამდე არ მივიდეს არსებული დაპირისპირება, ამით ალიანსმა საკუთარი «სახე უნდა შეინარჩუნოს». საქმე ის გახლავთ, რომ საფრანგეთის და გერმანიის გარეშე, აბსოლუტურად უაზრო და შეუძლებელიც იქნება ნატო–ს არსებობა. მსჯელობისას, მე შეგნებულად არ ვახსენე ის რეალობა, რომელსაც ყველა სახელმწიფო ქვეცნობიერად ითვალისწინებს, ეს გახლავთ ბირთვული კონფლიქტი, რომელის შემთხვევაშიც გამარჯვებული არავინ იქნება! სწორედ ეს გარემოება (ბირთვული კატასტროფის საშიშროება!) იძლევა იმის იმედს, რომ საბოლოო ჯამში, ყველანაირი აგრესიული რიტორიკა გადაილახება, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი და სრულმასშტაბიანი ომი დაპირისპირებულ მხარეებს შორის თავიდან აცილებული იქნება!..

postad.ge