საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მოიწვია

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზეც ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა გაიზარდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.