სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრეზიდენტს სებ-ის საბჭოს წევრების შეფასების შედეგების გასაჯაროებისთვის მიმართეს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შერჩეული წევრი კანდიდატების დასახელების ფაქტს ეხმაურება.

 „ჩვენ პატივს ვცემთ ბატონ გიორგი ბაქრაძეს, თუმცა ბატონი გიორგი ამჟამად წარმოადგენს სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველს. სებ-ის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ქადაგიძე ღიად განასახიერებს საპარლამენტო ოპოზიციის  - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს და პირდაპირ ასრულებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. შესაბამისად, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატად გიორგი ბაქრაძის შერჩევა ღიად ტოვებს თქვენს მიერ გაცხადებული ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის - აპოლიტიკურობის მიმართ მნიშვნელოვან დათქმებს და კითხვებს. ცალკეული შეხედულებები არსებობს ბატონი კობა გვენეტაძის მიმართაც. როგორც ცნობილია, ბატონი კობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. რაც შეეხება ქალბატონი მაია მელიქიძის კანდიდატურას, ორგანიზაციისთვის, მოცემულ ეტაპზე, უცნობია მისი საქმიანობა და შესაბამისად, გაგვიჭირდება შეფასება, რამდენად სამართლიანად დააკმაყოფილა შერჩევისთვის დასახელებული სამი კრიტერიუმი - განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძებლობა“, - ნათქვამია წერილში, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატებმა” პრეზიდენტ მარგველაშვილს გაუგზავნეს.