პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში პორტის მშენებლობას იწყებს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განახორციელებს – სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International“.

 „დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან, ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

 ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.

 ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.