როგორც ქუთაისიდან საქინფორმის კორესპონდენტი გვატყობინებს, ქუთათურთა გარკვეული ნაწილის შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ბურჯანაძის ახალ ინიციატივებზე. ამ დღეებში კი საიტზე www.infokutaisi.com ფორუმელები სწორედ ამ თემაზე მსჯელობდნენ. აი რას წერდნენ ისინი:
გასულ კვირას ''სახალხო კრების'' წარმომადგენლებმა რამდენიმე სტრუქტურის შექმნაზე მიიღეს გადაწყვეტილება. მათ შორის ყველაზე საყურადღებო ე.წ. სახალხო პატრულის ინსტიტუტია. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა, მაგრამ საიდუმლო სერობის ერთ-ერთმა მონაწილემ იქ წამოჭრილ ინიციატივებსა და სათათბირო დარბაზის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მაინც გაახმიანა.
სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ შეფიცულების ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გუბაზ სანიკიძე გამოსულა, ეს უნდა იყოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ანალოგიო, უთქვამს. თანამედროვე შეფიცულები ქაქუცას რაზმივით თუ შეიარაღებულნი იქნებიან, ვინ უნდა შეაიარაღოს ისინი და ვის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ?... გუბაზის ინიციატივით, შეფიცულებმა გარკვეული რელიგიური რიტუალიც კი უნდა ჩაატარონ თურმე და შეფიცულობის საიდუმლო დაიცვან.
''ეროვნული ფორუმის'' იდეა შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს დაუწუნებია მხოლოდ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. გია ბურჯანაძეს უთქვამს, ''შეფიცულებს'' ''მორიგე ლაშქარი'' ჯობიაო.
გაჩნდა კითხვა: ''მხედრიონის'' ანალოგიური დაჯგუფება იქმნება? პასუხად ნინო ბურჯანაძემ იქ მყოფთ მილიტარისტული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ერთი სიტყვით, ''სახალხო კრება'' ე.წ. ძალოვან უწყებას ქმნის. დღის წესრიგით რვა დეკემბრის შეხვედრაზე ამ უწყების დებულებაც უნდა მიეღოთ, მაგრამ დებულების მიღება ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა ნაადრევად მიიჩნიეს. ძალოვან უწყებას საბოლოო ფორმირებამდე ''სახალხო პატრული'' ერქმევა, მოგვიანებით, თუ კი ''ფორუმის'' იდეა გაიმარჯვებს, ''შეფიცულები'' დაერქმევა.
ნინო ბურჯანაძემ ე.წ. ლაშქარს სათავეში მსახიობი გია ბურჯანაძე ჩაუყენა, რომლისთვისაც რჩევაც კი მიუციათ: არაორდინარული ქმედებების არ შეგეშინდესო. არაორდინარულ ქმედებებს ''სახალხო კრების'' ძალოვანი უწყებისგან, სავარაუდოდ, თებერვლისკენ უნდა ველოდოთ. სწორედ ამ დროს გეგმავს ნინო ბურჯანაძე ქუჩაში ძალების მორიგ მოსინჯვას.