სამართალი
კომუნიკაციების ეროვნული კომისია „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაჯარიმების საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს

monitor24 დეკემბერს გაირკვევა, თუ რა სანქციას დაუწესებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის. საგამოძიებო ფილმების სტუდია „მონიტორმა“ ამ ტელეკომპანიებს მიმდინარე წლის ნოემბერში უჩივლა.

„მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე 2009-2010 წლების განმავლობაში ატარებდა მონიტორინგს, რომელიც აღნიშნული ტელეკომპანიების კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისთვის დადგენილი წესების დაცვას ეხებოდა. ჟურნალისტმა მონიტორინგის შედეგები საგამოძიებო ფილმში „რეკლამა კანონს მიღმა“ წარმოადგინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლა. 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დეპარტამენტმა 7 სადავო ფაქტიდან 6 დადასტურებულად ცნო.

მტკიცებულება, რომელიც არ გაიზიარეს, გადაცემების - „ბიზნესკურიერისა“ და „პოსტკრიპტუმის“ სპონსორობის დაუშვებლობას ეხება. სხდომაზე „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარღვევების ნაწილი აღმოფხვრილია, ნაწილი კი არ დასტურდება. ამდენად, ტელეკომპანიებს სანქციები არ უნდა დაუწესონ. „მონიტორის“ წარმომადგენლებმა კი ტელეკომპანიების სანქცირება და მათი მხრიდან დარღვევის შესახებ დეკლარაციის მათივე ეთერით გამოქვეყნება მოითხოვეს.

დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია, განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი. მას, ასევე, შეუძლია მაუწყებელს დეკლარაციის გამოქვეყნებასთან ერთად სანქციაც დააკისროს.