უცხოეთი
დიდი ბრიტანეთი რუსეთსა და ნატო-ს შორის შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთი სამხედრო სწავლება „Shamal Storm“-ის ფარგლებში, იორდანიაში სამხედრო წრთვნებს ატარებს, რომლის ფარგლებშიც, ადგილზე 1 600 სამხედრო და 300 ერთეული ტექნიკა ჰყავს გადასროლილი.

ბრიტანული გამოცემა „The Daily Telegraph“-ის ცნობით, სწავლების მიზანია ტექნიკის სწრაფი გადასროლა აღმოსავლეთ ევროპაში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის კონფლიქტი მოხდება.

ამის შესახებ გამოცემას სამხედრო წყაროებმა განუცხადეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სწავლება იორდანია-სირიის საზღვართან მიმდინარეობს, ის არ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირში.

„ეს სწავლება არ არის „ისალმური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ უფრო ვემზადებით, რომ ამერიკას გვერდით დავუდგეთ უკრაინაში და არა სირიაში. ეს არ არის იმ ტიპის ძალები, რომლებიც სირიაში უნდა გადავისროლოთ ჯიჰადისტების ჯგუფთან საბრძოლველად“, - განაცხადეს ბრიტანეთის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.