საზოგადოება
„კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში გადავა“ – ჯიბლაძე

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში გადავა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ „მოსალოდნელ საკონტროლო გასროლად“ შეაფასა.

 „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომლის შედეგად კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.  პარტია „მემარცხენე ალიანსს“ მიაჩნია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა არის ანტისახელმწიფოებრივი და მისი ამოქმედების შემთხვევაში მიწები, უპირველეს ყოვლისა, ჩამოერთმევათ სოფლად მაცხოვრებელ ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებმაც თავის დროზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური სიდუხჭირის გამო ვერ მოახერხეს ჯერ კიდევ 1994 წელს შევარდნაძის განკარგულებით მათზე გადაცემული მიწების რეგისტრაცია.

 მოვუწოდებთ მთავრობას, სრულად დააფინანსოს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში „მემარცხენე ალიანსი“ სათავეში ჩაუდგება მიწების ექსპროპრიაციის შედეგად გამწარებული ფერმერებისა და გლეხების მრავალათასიან საპროტესტო აქციებს”, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.