საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (EMCI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რიმა ბერაძემ და მარგალიტა ხიდირბეგიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საბჭოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ასევე მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
ცენტრის წარმომადგენლები თბილისში მცხოვრები უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ დაარსების, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების, საკრებულოში გამართული ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიების, ასევე ეროვნულ უმცირესობათა დიასპორებთან საბჭოს მჭიდრო კომუნიკაციის თაობაზე გამოცდილების გაზიარებით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებიც საბჭომ თვითმმართველობის დონეზე განახორციელა.
შეხვედრას ცენტრის მკვლევარი თანამშრომელი, დოქტორი ჰანა ვასილევიჩი და პროექტის კოორდინატორი გიორგი ბობღიაშვილი ესწრებოდნენ.
ECMI წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც 1996 წელს გერმანიაში დაარსდა და ეროვნული უმცირესობების მმართველობისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში საქმიანობს.