საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი პროექტ „ახალი ტფილისის“ პრეზენტაციას დაესწრო

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მერია ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მასშტაბური პროექტის - ახალი ტფლისის“ განხორციელებას იწყებს, რომლის  პირველი ეტაპი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ილიას ბაღში,  გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა დეპუტატები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ახალი ტფილისი“  ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. 

პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.