საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 3 თებერვალს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივით, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ქართული დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (ვიდეო იხ აქ).
სახელმწიფო მინისტრმა უწყებების წინაშე ის კონკრეტული საკითხები დააყენა, რომლებიც გამოიკვეთა დიასპორასთან შეხვედრებზე უცხოეთის ქვეყნებში მისი ვიზიტებისას, კერძოდ: პენსიის და სოციალური დაცვის, უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების, არალეგალი შრომითი მიგრანტებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში უფასო სამედიცინო კონსულტაციების გაწევის, ორმაგი მოქალაქეობის პროცედურებისა და ქართული ეროვნების უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ბინადრობის მოწმობის პროცედურების გამარტივების, ფულად გზავნილებზე საკომისიო ტარიფების შემცირების, საზღვარგარეთ ქართული მართვის მოწმობით სარგებლობის, ქართული სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სტაჟის აღიარების, ამანათებისა და სხვა ტიპის გზავნილებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის, უცხოეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ქართველ პატიმრებზე ზრუნვის საკითხები.
სამუშაო ჯგუფში ჩართულმა უწყებებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.