პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: „საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება შესაძლებელია განხორციელდეს — 2020 წლამდე!“

 მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტი 2 გავლენის სფეროდ გაიყო, ერთის მხრივ დემოკრატიული დასავლეთ ევროპა, ლიდერი სახელმწიფოები:აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, – რომლებმაც 1949 წელს სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან ერთად დააფუძნეს ნატო–ს სამხედრო–პოლიტიკური ალიანსი; და მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც გავრცელდა საბჭოთა კავშირის გავლენა და შეიქმნა, ნატო–ს საპირწონე სამხედრო კავშირი ვარშავის ბლოკის სახით. ამავდროულად, ძალზედ საინტერესო სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა დაფიქსირდა ცენტრალური ევროპაში, კერძოდ ავსტრიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სსრკ, თანაბრად აკონტროლებდნენ ავსტრიის ტერიტორიას. სხვა დანარჩენ ევროპულ ქვეყანაში ვითარება ცხადი იყო (შვეიცარია და შვედეთი, ომამდეც ნიტრალიტეტს იცავდა, ხოლო ფინეთმა ომის დასრულებისთანავე გამოცხადა ნეიტრალიტეტი), ანუ, ზოგი სახელმწიფო დასავლეთის სამხედრო–პოლიტიკური გავლენის სფეროში აღმოჩნდა, ზოგიც საბჭოთა კავშირის. ავსტრიასთან დაკავშირებით კი, მოცემული სამხედრო–პოლიტიკური სიტუაცია ორ მხარეს შორის მოითხოვდა ისეთ პარიტეტულ შეთანხმებას, რომელიც ყველას ინტერესებს გაითვალისწინებდა, უწინარესად კი ავსტრიის და მისი მოსახლეობის! მოკავშირეებმა (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) მოილაპარაკეს, რომ ავსტრიაში არსებული ჩიხური სიტუაცია გადაწყვეტილიყო სამართლიანად და შეთანხმდნენ ავსტრიის დეოკუპაციაზე, იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს! საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ავსტრიაში დედაქალაქი ვენა გერმანელი ფაშისტებისაგან გაწმინდა საბჭოთა ჯარებმა, მაგრამ, ვინაიდან ავსტრიაში კომუნისტური პარტია სუსტი იყო, სტალინმა ვერ შეძლო იქ მარიონეტული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა. ამავდროულად, ავსტრიის ტერიტორია დაიკავეს მოკავშირეებმაც და ავსტრია დაიყო სექტორებად, სადაც 4 – ვე მოკავშირე სახელმწიფოს ჯარები იყო განთავსებული. ამდაგვარად, ავსტრიის ოკუპაცია გაგრძელდა 1945 წლიდან 1955 წლამდე. ბოლოს და ბოლოს კი, მოკავშირეები შეთანხმდნენ ამგვარად, — საბჭოთა კავშირი ავსტრიიდან ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანდა, თუ პარალელურად დასავლელი მოკავშირეებიც იგივეს მომოქმედებდნენ, ანუ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დატოვებდნენ მათ მიერ დაკავებულ სექტორებს, ხოლო დეოკუპირებულ ავსტრიას ნატო–ში არ გააწევრიანებდნენ, ანუ ავსტრია დაიცავდა სამხედრო ნეიტრალიტეტს! შეთანხმება შედგა და ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტებიც (გარანტორები) ოთხივე მოკავშირე (აშშ, სსრკ,დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) გახდა. მოკავშირეებმა 1955 წლის 25 ოქტომბერს დატოვეს ავსტრიის ტერიტორია. იმავე, 1955 წელს მოხდა ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აქტის მიღება (იგი ახლაც ძალაშია), რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანონით (კონსტიტუცია) განისაზღვრა. დღეს, ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ იცავს სამხედრო ნეიტრალიტეტს. სხვათაშორის, იმდროინდელი ავსტრიის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ნეიტრალიტეტისა და ნატო-ში სურდათ შესვლა, მაგრამ, — მხოლოდ ნეიტრალიტეტის აქტის მიღება იძლეოდა ქვეყნის დეოკუპაციის საშუალებას (უწინარესად, საბჭოთა ჯარების გაყვანის შესაძლებლობას!) და მათ ეს არჩევანი გააკეთეს! განვლილმა 60 წელმა გვაჩვენა, რომ ავსტრიელები არ შემცდარან! ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისათვის ქართველებმაც ავსტრიელების სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, თუ ეს გადაწყვეტილება (შეთანხმება დასავლეთს და რუსეთს შორის) უზრუნველყოფს საქართველოს დეოკუპაციას და გამთლიანებას, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეუვალობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას! დიახ, მავანს რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიმაჩნია, რომ 20 — ე საუკუნის 50-იანი წლების ავსტრიის სახელმწიფოს სიტუაცია, იმ პერიოდის მსოფლიო გეოპოლიტიკური კონტექსტი და მიმდინარე პროცესები, საერთო ევროპული ინტერესები და სტრატეგიული მიზნები, დღეს, გარკვეულ თანხვედრაშია 21 საუკუნის 10-იანი წლების საქართველოსთან, რომელიც ავსტრიისამებრ ევროპის შუაგული არ გახლავთ, მაგრამ საქართველოს მიმართ არსებული ევროატლანტიკური ინტერესები «მსგავსია», რაც იყო ავსტრიის შემთხვევაში 60 წლის წინ! ვაჭარბებ? შეიძლება, მაგრამ, დღეს, ალბათ ძალიან უმნიშვნელოდ, ხოლო ხვალ კი (5 წლის შემდეგ), უკვე ასე არ იფიქრებთ! დიახ, თანამედროვე გლობალურმა პროცესებმა მსოფლიო «ისე დააპატარავა», რომ არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი პარალელი, მითუმეტეს, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და სხვა ევროპული ინტეგრაციული პროცესები იმედის მომცემი ფაქტორია, ჩვენი მიზნების მისაღწევად!.. ამისათვის საჭიროა, რომ მოცემულ ურთულეს ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლებამ, ზოგადად ქართველებმა გამოვავლინოთ გონიერება, გამჭრიახობა და პრაგმატიზმი, ისეთივე, როგორიც იმდროინდელმა ავსტრიის ხელისუფლებამ, ბრძენმა ავსტრიელებმა, შორეულ 1955 წელს!.. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ, უდიდსი ღვაწლი მიუძღვის ავსტრიის დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მოპოვების საქმეში, მაშინდელი ავსტრიის პირველ პირებს, კანცლერს იულიუს რააბს, რომელმაც ურთულეს პერიოდში შეძლო არგუმენტირებულად დაერწმუნებინა ავსტრიული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ავსტრიის ნატო-ში გაწევრიანება სურდა, რომ — მხოლოდ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ავსტრიის დეოკუპაცია, ანუ, სსრკ-ს და სხვა მოკავშირეების სამხედრო შენაერთების გასვლა ავსტრიიდან! აგრეთვე, ძალზედ დიდია, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეოპოლდ ფიგლის როლი ავსტრიის დეოკუპაციის საქმეში! დიახ, უწინარესად, სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა, ყველამ უკლებლივ, 1955 წლის 25 ოქტომბერს დატოვეს ავსტრიის ტერიტორია! ახლა კი, რაც შეეხება ავსტრიისაგან განმასხვავებელ საქართველოს სპეციფიკურ რეალობას, ანუ რუსეთის მიერ «დამოუკიდებლად აღიარებულ» რეგიონებს — აფხაზეთს და ე.წ. «სამხრეთ ოსეთს». ჩვენს შემთხვევაში, მათი ავტონომიურობის და უფლებების დაცვის გარანტი გახდებიან რუსეთი და სხვა გარანტორები (აშშ, ევროკავშირი), ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის (როგორც ავსტრიის შემთხვევაში ოღონდ უავტონომიებოდ, რომლებიც იქ არ იყო), სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ რეგიონებში განთავსებული იქნება გარანტორების შეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტებული საერთაშორისო პოლიციური ძალები. სხვა დეტალებიც გამოჩნდება, მაგრამ მთავარი პრინციპია, რომელიც გარანტორების მიერ განხილვას დაექვემდებარება! მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღეს ნატო–ს ასპირანტი ქვეყანაა და მომავალში აპირებს იქ გაწევრიანებას, რაც ძალიან აღელვებს რუსეთს და ქმნის საფრთხეს ჩვენი რეგიონების ანექსიისა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და გამთლიანების ფორმულა ასეთი უნდა იყოს, – რუსეთი გადის ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიდან, ხოლო საქართველო გამოდის ნატო–ს ასპირანტობიდან და აცხადებს ნეიტრალიტეტს, რომლის ნეიტრალიტეტის და გამთლიანების გარანტებიც (გარანტორები) აშშ, რუსეთი და ევროკავშირი გახდებიან!.. ასე რომ, დღეს ისტორიისთვის ცნობილია ავსტრიის დეოკუპაციის თარიღი — 1955 წელი, აგრეთვე მისი ნეიტრალიტეტის გარანტორები: აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი; მაგრამ, ისტორიისთვის ჯერჯერობით უცნობია საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების დრო. მე კი მიმაჩნია, ჩამთვალეთ «გამოუსწორებელ მეოცნებედ», რომ აშშ–ის, რუსეთის, ევროკავშირის გარანტორობით, ანუ თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით და სწორად შემუშავებული კომპრომისული სტრატეგიით, სავსებით შესაძლებელია ეს განხორციელდეს, — 2020 წლამდე!!!…

postad.ge