პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის უწყებას თურქეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მართვის აკადემიის მსმენელთა ჯგუფი ეწვია

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 „თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური კუთხით. ერთობლივ სწავლებებს ვატარებთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში. ჩვენთან იყვნენ სტუმრები, რომლებიც თურქეთში სამხედრო სფეროში ლიდერები ან მომავალი ლიდერები არიან. ისინი საქართველოს სამხედრო დაწესებულებებსა და სასწავლებლებს მოივლიან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 „ჩვენი თანამშრომლობა წლებია ვითარდება და სხვადასხვა სფეროს, განათლებას, ერთობლივ სწავლებებს, ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს; ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.