საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს სომხეთთან ორივე ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სომეხ კოლეგასთან, სეირან ოჰანიანთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ხიდაშელი სომხეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 31 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრ ოვიქ აბრამიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანსა და სახალხო კრების თავმჯდომარე გალუსტ სააკიანს შეხვდა.
„საქართველო აქვეა, საზღვარს გადაღმა. ჩვენ მზად ვართ გვერდში დაგიდგეთ ჩვენი ქვეყნების უმთავრესი ამოცანის გადასაჭრელად — მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, — განაცხადა ხიდაშელმა მას შემდეგ, რაც საქართველო-სომხეთის სამხედრო პროგრამის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
თავის მხრივ, ოჰანიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვისა და სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრობისა, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთობლივად გადაიჭრას.