საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პირველი იანვრიდან ქვეყანაში ამოქმედდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ საგადასახადო შეღავათებს, რაც, იმედია, გახდება საწინდარი იმისა, რომ ამ რეგიონებში ჩაიდება ინვესტიციები, შეჩერდება მთის დაცლის პროცესი… გამოქვეყნდა იმ მაღალმთიანი სოფლების ჩამონათვალი, სადაც ეს კანონი ამუშავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩინოვნიკების უყურადღებობის, არაკომპეტენტურობის თუ გამიზნული ქმედების შედეგად, ამ სიის მიღმა დარჩნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები არღუნი, ზემო არანისი, გრემისხევი, საკრამული, ციხედავი, ჭილურტი, ზოტიკაანთკარი, ველთაურთკარი, მლაშე, ახატანი.
მოვუწოდებთ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა ზემოთ დასახელებულ სოფლებზე უახლოეს პერიოდში გავრცელდეს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი“, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.