საზოგადოება
პრემიერმა კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით" გაიხსნა. თეატრის საზეიმო გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 
„მინდა, მივულოცო საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ეს... ასევე მინდა, რომ ყველანაირი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. მე, როგორც ერთმა მოქალაქემ, გიორგი კვირიკაშვილმა, მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის და ეს შენობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისათვის: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდმა "ქართუმ" დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელიც ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით სამუშაოებს, 40 მილიონი აშშ დოლარია. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600-ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა "ქართუმ" კომპანია "სვაროვსკისგან" შეიძინა. სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით შექმნილი ისტორიული ფარდა თეატრის სცენაზე ისევ დაეშვა.