აქტუალური
„ვიდრე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე არსებობს რუსეთის უკანონო საელჩოები, დიპურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია“ – ხიდაშელი

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან და საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე სამი საელჩო არ იხსნება. გაქვს ერთი საელჩო და ერთი დიპლომატიური ურთიერთობა“, - განაცხადა  თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ეთერში საუბრისას. გადაცემის წამყვანმა თინათინ ხიდაშელს შეკითხვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის იმ განცხადების შესახებაც დაუსვა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს.

 „ვიდრე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე არსებობს რუსეთის უკანონო საელჩოები და მათთან რუსეთს დამყარებული აქვს ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან რაიმე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ არანაირი შეხვედრის წინააღმდეგები არ ვართ, ყოველთვის სჯობს, ელაპარაკო, ვიდრე ტყვია ესროლო ერთმანეთს, მაგრამ ნებისმიერი ურთიერთობის ფორმატი აზრს კარგავს, თუკი წინასწარ არ არის განსაზღვრული თემები. ბუნებრივია, საუბარი უნდა იყოს დეოკუპაციაზე და "დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაზე" საქართველოს სახელმწიფოს ორ ტერიტორიულ ერთეულთან“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.