პოლიტიკა
საქართველოში რუსეთის „ხისტი“ და „რბილი“ ძალის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს – პროექტის პრეზენტაციას რფ–თან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენელი აბაშიძე ესწრებოდა (საქინფორმი)

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. 2016 წლის 25 იანვარს, სასტუმრო თბილისი მერიოტის კონფერენც–დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი“–ს ინიციატივით, გაიმართა პროექტი „რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში” – „ანალიტიკური კვლევის“ პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა საქართველოში სოროსის ფონდის (”ღია საზოგადოება - საქართველოს) მხარდაჭერით და დაფინანსდა აშშ-დან მარშალის ფონდის მიერ. (The German Marshal Fund of The United States).

 პროექტის უმთავრესი მიზანია შესწავლილი იქნეს რუსეთის ხელში არსებული ის პოლიტიკური-ეკონომიკური თუ სხვა სახის ბერკეტები, რითაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შეფასდეს და გაზომოს დღეს არსებული გარემოება, ასევე ის საფრთხეები და რისკები, რაც შესაძლოა უახლოეს მომავალში წარმოჩინდეს.

 პროექტი შედგება სამ ძირითადი ნაწილისაგან:

1 –  რუსეთისრბილი ძალა“: გავლენა მასმედიაზე, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე;

2 – ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის;

3 – რუსეთის ხისტი ძალა: ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოება.

პროექტს სათავეში ჩაუდგა საქართველოში ცნობილი  აქტივისტი, ანტისამთავრობო აქციის „ჩვენ ისევ გვისმენენ!“ სულისჩამდგმელი და გრანტიმწოველი ენ–ჯე–ო–ების ლიდერი, ყველა საზოგადოებრივი კომისიის მუდმივი წევრი, ყველა დარგის ექსპერტი და ყველა ხელისუფლების კონტაქტ–პერსონა ლაშა ტუღუში (რომელიც პერიოდულად უფლებადამცველის, პოლიტოლოგის, ჟურნალისტისა და გაზეთი „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის როლში გამოდის).

კვლევის ავტორები შეეცადნენ ეჩვენებინათ, მათი შეხედულებით, ყველა „მნიშვნელოვანი“ და სტრატეგიული“ მიმართულება, რომლებიც „რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ წარმოადგენს, რომელთა დაცვასა და გაძლიერებას საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დასავლეთის მიერ უხვად ანაზღაურებული „შრომა“ შეიცავს როგორც „საფრთხეებისა და რისკების ანალიზს“, ასევე „მათი დაძლევის რეკომენდაციებსაც“.

აღსანიშნავია, რომ ზემომოყვანილ „კვლევაში“ „საქართველოში რუსული პროპაგანდის“ ლიდერებად დასახელებულია ქართველი ხალხის ყველაზე საყვარელი მედია, რომლებმაც სამართლიანად მოიპოვა სახალხო მედიის სახელი: გაზეთები "საქართველო და მსოფლიო", „ასავალ–დასავალი“, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ და ტელეკომპანია „ობიექტივი“.

საგულისხმოა, რომ რუსოფობიური „პროექტის“ პრეზენტაციაზე, პეტრიაშვილისა და ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგული თანამოაზრეების მსგავსი გაკოტრებული ანტირუსი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და დასავლეთის მთავარი, გრანტიჭამია ენ–ჯეო–ების ხელმძღვანელთა გარდა,  მოწვეული იყო (და ესწრებოდა კიდეც) საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

საქინფორმი შეახსენებს თავის მკითხველს, რომ ახალი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მზარდი რუსული პროპაგანდით“, რის შესახებაც მან ქუთაისის პარლამენტში, თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურისას, კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.