საზოგადოება
ხიდაშელმა საქართველოს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს არაპროფესიონალი ბავშვები უწოდა, რომლებიც თავად გამოზარდა!

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროდან სამხედროების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, იყო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია. მინისტრი არასამთავრობოებს მიმართავს, საქმეს ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ.

 „არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან, ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ.

 მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს.

 ყველას საჯაროდ მინდა მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.