პოლიტიკა
„რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და ყველაფერი არ უნდა გადავხაზოთ“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

 “ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტ ჰედლი გემბლისთვის (CNBC) დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში. რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებები გააფორმა, რაც, კვირიკაშვილის თქმით, “ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება”, “მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, – განაცხადა კვირიკაშვილმა, – ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებენ”.

 კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა უპასუხა: რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს. სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ”.