საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში იზრდება პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ქვეყნის გაწევრება სულ უფრო მიმზიდველი ხდება კავკასიის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის. ამ ტენდენციებმა შესაძლოა დარტყმა მიაყენოს აშშ–სა და ევროპას, რომლებმაც „მილიარდები ჩაადეს ქართული დემოკრატიის განვითარებაში“, – წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post.
„საქართველოს შეხედულებები რუსეთზე ნამდვილად სხვადასხვაგვარია, თუმცა განწყობა ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, იზრდება და არსებობს ალბათობა, რომ რუსეთის გავლენაც გაიზრდება“, – წერს გამოცემის მიმომხილველი მაიკლ ჰიკარი სესაირი.
„კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი" (CRRC), აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 2013, 2014 და 2015 წლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ატარებდა. მათი შედეგები გვიჩვენებს, რომ ევრაზიული კავშირის მიმართ კეთილგანწყობა 2013 წლის აგვისტოში 11%-ს შეადგენდა, 2014 წელს 20%-მდე იყო, 2015 წლის აპრილში კი - 31%-მდე გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა“, – წერს ავტორი.
„საქართველოს მთავრობა თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებს, თუმცა შეერთებულ შტატებსა და განსაკუთრებით ევროპაში, გაფართოების მოლოდინით გამოწვეულმა გადაღლილობამ საქართველოში ფატალისტური განწყობები გამოიწვია“, – აღნიშნავს იგი.
„შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მილიარდები ჩადეს, საპასუხოდ კი, თბილისი თანმიმდევრულად ავლენდა დასავლეთისკენ სწრაფვის ენთუზიაზმს“, – წერს სესაირი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ „საქართველო დასავლეთს ზურგს შეაქცევს, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიას არ დააზარალებს. ამავე დროს, ეს მოსკოვს ევრაზიული კავშირის „შეკვრის" საშუალებას მისცემს, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში პირდაპირ დერეფანს მიიღებს, დასავლეთისთვის ევრაზიული ენერგეტიკული წყაროების ხელმისაწვდომობას შეამცირებს და ხილულ მომავალში რეგიონული დემოკრატიზაციის იმედს დაასამარებს“.
„დასავლეთისთვის საქართველოს დაკარგვა მხოლოდ რუსეთის გაძლიერებას არ ნიშნავს. რუსეთი შეძლებს ევროპისა და ევრაზიის დამაკავშირებელი ისეთი სტრატეგიული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას, რომელიც რეგიონული ძალების - რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ევროპის შეხვედრის ადგილზე მდებარეობს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.