პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსის“ განცხადება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების ყაჩაღური პროცენტების წინააღმდეგ

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. „კატეგორიულად მოვითხოვთ მაღალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებების რეგულაციას და გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთის დაწესებას“ - ამის შესახებ მემარცხენე ალიანსის ოფისში პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „კატასტროფულად გაძვირებული დოლარის კურსის ფონზე კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურებიან ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობების გამო, კაბალურ პირობებში ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან და ონლაინ სესხებით უნამუსოდ მაღალგანაკვეთიან საკრედიტო-საპროცენტო მარყუჟში აქვთ თავი გაყოფილი.

 ამ ორგანიზაციებიდან სესხის აღება პრაქტიკულად დაუბრკოლებლად და უპრობლემოდ არის შესაძლებელი, ხოლო ბანდიტურად გაასმაგებული პრცენტების გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი მარტივად კარგავს ყველაფერს თავისას და მამა-პაპისეულსაც. ამ ყაჩაღი ორგანიზაციების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ სესხის გარანტიად პენსიონერების გასაწყლებულ პენსიას იდებენ და შემდეგ  ამ პენსიიდან წლიურ 35 პროცენტს ატოვებინებენ. უფრო მძიმე მდგომარეობაა ონლაინ სესხებზე, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს აღემატება.

 პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოვითხოვთ ხელისუფლებამ დააწესოს რეგულაციები საპროცენტო განაკვეთებზე საკანონმდებლო დონეზე, განსაზღვროს გონივრული ზღვრული საპროცენტო განაკვეთები, მონიტორინგი დაევალოს ეროვნულ ბანკს“, - აცხადებს კახა ძაგანია.