საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, მართლმსაჯულების რეფორმა, სერვისების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა და მიწის რეგისტრაცია - იუსტიციის სამინისტროს ეს ძირითადი პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე გამოიყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის სამინისტროს პროექტების პორტფელზე იმსჯელა, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა. იუსტიციის მინისტრმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა საკანონმდებლო რეფორმები და პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროექტს და ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებას.
„ოჯახში ძალადობის თემა ყველას შეშფოთების საგანია, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს. ასევე პრიორიტეტულია მართლმსაჯულების რეფორმა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.