პუბლიკაციები
პრემიერ-მინისტრი - „დიალოგის სურვილი მაქვს ყველა ადამიანთან, რომელიც პატივს სცემს ადამიანს“

 ჩვენ, სულ მცირე, პარტნიორები უნდა გავხდეთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვას, როგორ წარმოუდგენია სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს მიღებული; კრიტიკა შესაძლოა იყოს ორივე მხრიდან, თუმცა ზომიერების ფარგლებში, რაც ნორმალური პროცესია.

რაც შეეხება ოპონენტებთან დიალოგის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დამკვიდრებულ პოლიტიკურ კულტურაში ბევრი რამ შესაცვლელია.

გიორგი კვირიკაშვილისთვის ოპონენტებთან ურთიერთობის დამკვიდრებული შეურაცხმყოფელი ფორმები მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარლამენტში ყოფნისას, ყველა მხარესთან კორექტულ ჩარჩოებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

"შეუძლებელია, ადამიანს ესაუბრო ეკონომიკურ რეფორმებზე, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიან. მქონდა სურვილი, კონსტრუქციულ ჩარჩოებში შევხვედროდი მათ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის, რომ თავმოყვარეობა უნდა დავკარგო, დავუჯდე და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე ვესაუბრო. მეორეს მხრივ, ეს საერთოდ კომიკურიცაა, იმიტომ, რომ წინა წლებში დაახლოებით 300 ათასი კაცი გასამართლდა, აქედან 80% - ეკონომიკური დანაშაულისთვის და ახლა მოგვიწოდებენ, სასწრაფოდ გავაკეთოთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაანონსებული მაქვს, რომ ვაკეთებ. ძალიან სასაცილოა და სატირალიც ამავდროულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიალოგის დიდი სურვილი აქვს და ეკონომიკის მინისტრის რანგში არაერთხელ შეხვედრია და გაუზიარებია კიდეც ოპონენტების მოსაზრებები.

პრემიერმა არასამთავრობოებს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა - მეწარმეობის განვითარება, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, განათლების რეფორმა და მმართველობის რეფორმა, რაც მოიცავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის გაზრდას. მთავრობის მეთაურმა ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები მოისმინა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და უწყებების გამჭვირვალობის გამოუჯობესება. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, პრინციპულად მოსთხოვოს სამინისტროებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პრემიერი ასევე მხარს უჭერს ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედებასაც, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას.

გიორგი კვირიკაშვილი მნიშვნელოვანი კანონპროექტების და რეფორმების შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორის საწყისი ეტაპიდანვე ჩართვის მომხრეა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ შსს სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლო სისტემებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს პროცესი გრძელდება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გაიზრდება.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მთავრობის გადაწყვეტილება საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა პრემიერ-მინისტრთან ერთად აღნიშნეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდას. გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოებს ამ მხრივ დახვეწილი მექანიზმების შემუშავება და მათზე ერთობლივი მსჯელობა შესთავაზა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანტიკორუფციული პოლიტიკის, მათ შორის, სატენდერო რეგულაციების დახვეწის საჭიროებაზე. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა შესყიდვების კანონმდებლობის და პროცედურების დახვეწა, მათ შორის ექსპერტიზის ნაწილში. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეკონომიკური გუნდი ამ თემაზე უკვე მუშაობს და არასამთავრობოებს განსახილველად უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.

მთავრობის მეთაურმა პრიორიტეტულად დაასახელა რეგიონებში ევროინტეგრაციის პროცესის თაობაზე ცნობადობის ამაღლება, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობოებმა მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. სამოქალაქო სექტორი მზად არის, ჩაერთოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში - მათ შორის იმ წვლილის წარმოჩენაში, რაც ევროკავშირს ქვეყნის განვითარებაში შეაქვს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კონფლიქტისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობისთვის მთავრობის და არასამთავრობოების დახმარების მნიშვნელობაზე. იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო სექტორს ამ პროცესსა და ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობებისთვის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის გამოყენება შესთავაზა.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობოებს ასევე გააცნო მთავრობის ხედვა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ამის ყველაზე სწრაფი საშუალებაა ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, რაც ასევე სავალუტო სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. პრემიერის ინფორმაციით, ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა ტურისტულად საინტერესო ბაზრებიდან ტურისტების შემოსვლის გაიოლების და საქართველოში მათთვის მიმზიდველი გარემოს შექმნის მიმართულებით. ამ ეტაპზე მთავრობა ასევე მუშაობს ეკონომიკური ზრდის წახალისების ზომებზე, მათ შორის არის საგადასახადო რეფორმა, ადმინისტრირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ტემპის დაჩქარება. თუმცა, ეკონომიკის განვითარების ხედვაზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შშმ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით იდგმება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტია გადასასვლელების და ტროტუარების ადაპტირებაა, და ამ მიმართულებით მკვეთრი აქცენტი გაკეთდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ ძალიან დიდია არასამთავრობო სექტორის როლი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაში.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ცალკეულ შემთხვევებს. მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ტრადიციულ რელიგიურ მრავალფეროვნებას და ეს ტრადიციულად საამაყო საკითხი უნდა იყოს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს შრომითი უფლებების დაცვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ხელშეწყობაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობაზე, და სხვ.

დღეს პრემიერ-მინისტრის და არასამთავრობოების პირველი შეხვედრა გაიმართა. მთავრობის მეთაური სამოქალაქო სექტორთან დიალოგის ფორმატის გაგრძელებას გეგმავს. არასამთავრობოებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრის მზაობა დიალოგისთვის და მსგავსი შეხვედრების ფორმატი მისასალმებელია.

gov.ge