პოლიტიკა
„გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები იმოქმედებს - შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმართა.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც ცნობილია, გენერალური გეგმის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა განისაზღვროს წესები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული მხარეები გარდამავალ პერიოდში იმოქმედებენ.

 „გენერალური გეგმის არსებობამდე პერიოდი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია. კერძო დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ ის, რომ მათ, შესაძლოა, ოთხივე მხრიდან კორპუსები აუშენონ. მოსახლეობას ამ მიმართულებით  განუკითხაობის მოლოდინი აქვს და ეს საკითხი მოკლე ვადებში უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე.