პოლიტიკა
„არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 „ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.

 „პროექტების პრიორიტეტიზაცია ხდება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რომელთა შორის სამი უმთავრესია - საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. თითოეული სამინისტროსთვის ვირჩევთ 3-დან 5 პრიორიტეტამდე, რაც მთლიანობაში აიკინძება მთავრობის პროექტების ერთიან პორტფელად და მათ შორის აირჩევა მთავრობის მასშტაბით 3-დან 5-მდე პრიორიტეტული პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

 როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრიორიტეტების განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გაიმართება, რადგან მთავრობის მიზანია ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.