სამართალი
ლიბიაში დაკავებული ქართული გემის მეზღვაურები თვითმკვლელობით იმუქრებიან
gemiლიბიაში დაკავებული ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემის "ვასილიოს N"-ის ეკიპაჟი საქართველოს ხელისუფლებისგან შველას ითხოვს. ეკიპაჟის 5 წევრი, მათ შორის გემის კაპიტანი, ქართველია.
სამშენებლო მასალით დატვირთული "ვასილიოს N" თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან რვა თვის წინათ გავიდა და ლიბიაში უნდა ჩასულიყო, მაგრამ საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, რის გამოც ტვირთის დაახლოებით 18% გამოუსადეგარი გახდა.  "მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. ტვირთისა და გემის მეპატრონეს შორის ამის გამო დავა დაიწყო, რომელიც, რვა თვეა, უშედეგოდ გრძელდება", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კაპიტნის მეუღლე, მანანა ამბალია.
დაკავებული გემის ბორტზეა მანანა ამბალიას ვაჟიშვილი, გიორგი ყურაშვილი, რომელთანაც კონტაქტი, იშვიათად, ინტერნეტის საშუალებით ხერხდება. მასთან, დაკავშირება "ინტერპრესნიუსმაც" სკაიპის მეშვეობით შეძლო.
როგორც გიორგი ყურაშვილი ყვება, დაკავებული გემის ეკიპაჟის მდგომარეობა გაუსაძლისია, ისინი საქმის ტრეფიკინგის მუხლით კვალიფიკაციას ითხოვენ. მეზღვაურები თვითმკვლელობით იმუქრებიან.
"ამ მდგომარეობაში, მაინც სასიკვდილოდ ვართ განწირულნი. საკვები ჩვენ არ გვაქვს და საკუთარი უფლებების დაცვის ელემენტარული საშუალება. საქართველოს საკონსულოს ვთხოვეთ, საერთაშორისო სასამართლოში ეჩივლა, რადგანაც აქ მყოფ ყველა ადამიანს ამოწურული აქვს კონტრაქტის ვადა, რომელიც წამოსვლის წინ გაგვიფორმეს. პირობების დარღვევაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი ადამიანური უფლებებია დარღვეული. გემზე ამ დრომდე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვართ. ეს უკვე ტრეფიკინგია. კონსულისთვის ინფორმაცია რომ არ მიგვეწოდებინა, გემის მეპატრონემ ტელეფონები გაგვითიშა და ჩაგვახშო", - ამბობს გიორგი ყურაშვილი.
მისივე თქმით, საკვებთან დაკავშირებით მათ სერიოზული პრობლემები ექმნებათ და მხოლოდ უკრაინელი და რუსი მეზღვაურების დახმარების იმედად არიან. არის შემთხვევები, როცა მთელი ეკიპაჟი მხოლოდ კუსტარულად დამზადებული ანკესით დაჭერილი თევზით იკვებება.
"საკვებს უკრაინული და რუსული გემების მეზღვაურები გვაწვდიან, ძირითადად, რუსები. კაპიტანი და მექანიკოსი თევზაობენ ანკესით და ამით გვკვებავენ. გემის მფლობელს ვემუდარებოდით, საჭმელი გამოეგზავნა, მაგრამ ამაოდ. სასაცილოდ აგვიგდეს. ბორტზე, რამდენიმე მძიმედ დაავადებულიც გვყავს", - ამბობს გიორგი ყურაშვილი.
გიორგის დედა, მანანა ამბალია, დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს. მეზღვაურებს კონტრაქტი გაფორმებული აქვთ იტალიის ერთ-ერთ კომპანიასთან, თუმცა დამქირავებლების მხრიდან არც მეზღვაურებს და არც მათ ოჯახის წევრებს დღემდე არავინ შეხმიანებია. მეზღვაურებთან დაკავშირება, მეპატრონის ზეწოლის შემდეგ, ოჯახის წევრებსაც უჭირთ.
მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდებენ. "ვასილიოს N"-ის ეკიპაჟის წევრების ინფორმაციით, ამ დრომდე მათი პრობლემით მხოლოდ იტალიაში საქართველოს საკონსულო დაინტერესდა.

"ინტერპრესნიუსი"