პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებენ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციები ვეწინააღმდეგებით საარჩევნო კოდექსის არსებულ რედაქციას, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მაშინაც კი, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არ არიან აღნიშნულ საარჩევნო ოლქში. საქართველოს საარჩევნო კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებში იღებენ, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღნიშნული პრივილეგიის ჩამორთმევა იქნება მათი უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან.

კატეგორიულად არ ვიზიარებთ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ ძალებს სურთ სამხედრო მოსამსახურეებს „ხმის უფლება ჩამოართვან“.,ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მომავალ კვირას შევთავაზებთ, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ისინი დისლოცირებულნი იქნებიან მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სარჩევნო ოლქში“.